”რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში“ – გამარჯვებული გამოვლენილია (ფოტოკოლაჟი)
კონკურსის – „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში“ გამარჯვებულები გამოვლენილია. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გოჩა ელიზბარაშვილი, ელენე ბახტაძე და ვაჟა ებრალიძე გახდნენ. მათ მიერ შესრულებული ქანდაკებები დედაქალაქის სკვერებში დაიდგმება, რასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.
საბავშვო კონკურსში გამარჯვებული თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის 13 მოსწავლის 17 ნამუშევარი, დღეს საკრებულოს შენობის ფოიეში გამოიფინა. იქვე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები მათ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „ტფილისის ჰამქარისა“ დასკოლა-სახელოსნო „ტემპერას“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
„დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ბავშვებს, რომლებმაც თავისი ასაკის მიუხედავად, უკვე შეიტანეს წვლილი დედაქალაქის გალამაზებაში. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო – ბავშვობიდან შევაყვაროთ ჩვენს შვილებს ჩვენი ქალაქი, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა. მინდა მადლობა ვუთხრა ამ შესანიშნავი იდეისა და წამოწყების ავტორებს – „ტფილისის ჰამქარსა“ და სკოლა-სახელოსნო „ტემპერას“, ჟიურის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს, კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვსა და მათ მშობლებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობით ეს კონკურსი შედგა“, – განაცხადა თბილისის მერმა. მან გამარჯვება მიულოცა კონკურსანტებს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
დავით ნარმანიას თქმით, საუკეთესო ნამუშევრების დედაქალაქის სკვერებში დადგმას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსი 2014 წლის ბოლოს ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება I-IV კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსის პირობების თანახმად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პლასტელინში შესრულებული ნამუშევარი უნდა შეექმნათ და მისი ფოტო მერიის ოფიციალურ facebook-გვერდზე აეტვირთათ.
გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვადოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი. კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულება ხელოვნების სახელოსნო „ტემპერამ“ უზრუნველყო.
დაჯილდოებას თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და გამარჯვებულთა ახლობლები ესწრებოდნენ.