თბილისი პირველად წმ. პატრიკის დღესასწაულზე მწვანედ განათდება

ტურიზმის სააგენტომ “Tourism Ireland” საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის სიაში რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად, პირველად მოხვდა თბილისი, სადაც 17 მარტს მწვანე ფერით განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა.
ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად ჩამონათვალში მითითებულ ქალაქებს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.
ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულის გია ზურაბაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დუბლინში თბილისისს მერის ვიზიტის დროს იქნა მიღებული. როგორც დროებითი რწმუნებული აცხადებს, თბილისსა და დუბლინს შორის თანამშრომლობამ საინტერესო დინამიკა შეიძინა.
“დეკემბერში თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. სწორედ ოფიციალური ვიზიტის დროს გადაწყდა წმინდა პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობის მწვანედ განათება. ეს ერთგვარი ტრადიციაა, როდესაც 17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არქიტექტურული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. შედეგად თბილისი შეიყვანეს ტურისტულ გზამკვლევში და ირლანდიელებს ურჩევენ აუცილებლად ეწვიონ საქართველოს დედაქალაქს. დარწმუნებული ვარ ირალნდიის ტურზიმის სააგენტოს ეს გადაწყვეტილება საქართველოსადმი ირლანდიელების ინტერესს გაზრდის, თბილისისა და დუბლინს შორის თანამშრომლობა კი ბევრი საინტერესო მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა ზურაბაშვილმა. წმ. პატრიკის დღესასწაულზე მსოფლიო ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს ინიციატივის “Global Greening”-ის ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შორის მეგობრობის სიმბოლოა, რაც ირლანდიას აძლევს არსებული ურთიერობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები