ლევან იზორიამ შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნა (ვიდეო)

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნეს. გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე დაესწრნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორთვიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) სტანდარტებს ეხება, რომელთა ფარგლებში გადამზადებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი გაივლის.
ექვსეტაპიანი სწავლების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება დაკავებულთა უფლებების კუთხით. სწავლების მონაწილეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ასევე მიიღებენ ინფორმაციას წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების შესახებ. სასწავლო პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციაშია გაწერილი.
ტრენინგი ტარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, რომლის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე აქტივობაა. 2014 წელს მათ წარმატებით გაიარეს ფართომასშტაბიანი ტრენინგი „დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ“ და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებში კვალიფიკაცია აიმაღლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები