სასჯელაღსრულების N2 დაწესებულების მსჯავრდებულმა გ.ლ-მ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და „საუკეთესო ასლის შემსრულებელის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ კონკურსს წელს პირველად შეუერთდა, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულთა შორის საუკეთესო სამეული გამოვლინდა.
კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საკრებულოს შენობის გალერეაში სასჯელაღსრულების მინისტრი დაესწრო და პირველი ადგილის მფლობელ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისიდან ჩამოიყვანეს, სიმბოლური საჩუქარი, კალამი გადასცა, რომელზეც მისი სახელი და გვარია ამოტვიფრული.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული, სასჯელღასრულების დაწესებულების მსჯავრდებული, ამ დღეს საზოგადოებასთან ერთად იზიარებს გამარჯვების სიხარულს. „ჩვენი სისტემის მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის აღსრულება, უმთავრესი გახლავთ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, მათი რესოციალიზაციისთვის ხელშეწყობა და სწორედ ამ გზით დანაშაულის პრევენცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ყოველთვის წავახალისებთ და თვითრეალიზაციის საშუალებას მივცემთ იმ პატიმრებს, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებას კანონმორჩილ, სრულფასოვან მოქალაქეებად დაუბრუნდნენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეხუთედ ჩატარდა. 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჟიურის წევრების მიერ კონკურსანტების შერჩევა 3 ეტაპად მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა 931 ადამიანმა მიიღო, ფინალში კი 50 მონაწილე მოხვდა.