ფილმი “გაღმა ნაპირი” აფხაზურ ენაზე ითარგმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში კულტურის როლზე ისაუბრეს. შეხვედრაზე კინორეჟისორმა აღნიშა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ფილმ ,,გაღმა ნაპირის” თარგმნა აფხაზურ ენაზე.
“დამზადებულია ათასი ცალი კომპაქტდისკი, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს”, – განაცხადა გიორგი ოვაშვილმა.
უახლოეს პერიოდში, კულტურის სამინისტროსთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მოხდება აღნიშნული კომპაქტდისკების გადმოცემა გასავრცელებლად, რისი ნახვის ინტერესიც უკვე გამოხატეს აფხაზებმა.
ფილმში ,,გაღმა ნაპირი”, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალის პრიზიორია, მოქმედება 90-იანი წლების თბილისსა და აფხაზეთში ვითარდება. მთავარი გმირი, თედო ბექაური აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის თედოა. რეჟისორის მეორე ფილმის “სიმინდის კუნძული” სიუჟეტი მდინარე ენგურზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ნამუშევრის მთავარი გმირები აფხაზი მოხუცი, მისი შვილიშვილი და ქართველი ჯარისკაცი არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები