მიშა მესხმა პასპორტი დაკარგა – როდის გაემგზავრება „ოსკარზე“ ქართული ჯგუფი სრული შემადგენლობით?
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამგზავრებულ ქართველ მსახიობებს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ. მსახიობმა მიშა მესხმა სტამბოლის საერთაშორისო აერპორტში პასპორტი დაკარგა, რის გამოც ის და მისი მეუღლე ია სუხიტაშვილი ქართული ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ამერიკაში ვერ გაემგზავრნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის დახმარებით აეროპორტში პოლიციის მობილიზება მოხერხდა და მათ მესხის დაკარგული პასპორტი იპოვეს. ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი რეისით: სტამბოლი-ფილადელფია „ოსკარზე“ დასასწრებად დღეს გაემგზავრებიან. მსახიობი გიორგი ნაკაშიძე და ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე კი უკვე გაემგზავრნენ. აღნიშნული პრობლემის შექმნამდე კი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ფილმის წარსადგენად გამგზავრებული მსახიობები სტამბოლის აეროპორტში იყვნენ ჩარჩენილები, რადგან დიდთოვლობის გამო ყველა რეისი გადადებული იყო.