გიგი უგულავა: შეიძლება პატიმრობის ღირსი ვიყო, მაგრამ დამცირების – არა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლოს თხოვნით მიმართავს. როგორც უგულავამ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის დამცირებაა, რომ მიმალვა დააბრალეს, ამიტომ სასამართლოს სთხოვს, ეს დამცირება აარიდოს.
„ერთი რამ მინდა გთხოვოთ: შეიძლება პატიმრობის ღირსი ვიყო, მაგრამ დამცირების ღირსი არ ვარ. ჩემთვის შვიდი ბრალდება არაა დამცირება, არამედ ისაა, როცა მიმალვა დამაბრალეს. მადლობელი ვიქნები, თუ ამ დამცირებას ამარიდებთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამის იმედი არ მაქვს“, – განაცხადა უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე მისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
„შევეცდები, ჩემი ფიქრები და განცდები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა, გაგიზიაროთ. შევეცდები, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო. აბსოლუტურად ადამიანურ და ემოციურ წინაპირობას ვგულისხმობ და არა პოლიტიკურს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ პატიმრობიდან გამათავისუფლებთ, დიდი ხანი თავისუფლებაზე არ ვიქნები. თქვენი გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება გაგრძელდეს სამი დღე, ერთი თვე, ორი თვე. ხელისუფლება ჩემს პატიმრობაში დაბრუნებას შეეცდება“, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება იმ მომენტიდან იცვლება, როცა ბორკილებს დაადებენ, ეს ტრანსფორმაცია კი, პატიმრობასთან ერთად მოდის. უგულვას თქმით, რთული იყო ყველა ნივთთან შეგუება.
„თუ თქვენ გამათავისუფლებთ, დღეს მე ეს გზა თავიდან უნდა გავიარო, მაგრამ ჩემი შვილების გამო, ამისთვის მზად ვარ. ერთადერთი არგუმენტი, რატომაც მინდა გამოვიდე, ისაა, რომ შვილები ვნახო და მათ ეს ყველაფერი ავუხსნა. მე კი ვიყავი მზად დაპატიმრებისთვის, მაგრამ ისინი – არა. თუ ისინი გაიგებენ, მშვიდად ვიქნები“, – აღნიშნა უგულავამ სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები