ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგად ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეცხრე შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.
სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და შესაბამისი შეფასებები გააკეთეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს და კვლავ შეინიშნება კლების აშკარა ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნის-დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების 90%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა.
მიღწეული შედეგების ფონზე, შეხვედრაზე კომისიის წევრების მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათშორისი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმატებაზე.