სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო გამოსვლები იწყება

სტუდენტური გაერთიანების წევრებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობაზე ისაუბრეს. შრომის ინსპექციის ამუშავებისა და შრომის ბაზრის რეგულაციების მოთხოვნით, სტუდენტური მოძრაობები აქციებს იწყებენ.

როგორც ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა პრესკონფერენციისას განმარტა, მთავრობის ინიციატივით იმუშავებს შრომითი ინსპექცია, რომელსაც არასავალდებულო რეკომენდაციების გაცემა შეეძლება.

გარდა ამისა, მათი თქმით, აღნიშნული ინსპექცია მხოლოდ სამუშაოზე არსებულ პირობებს შეისწავლის. ამ დროს კი, მათი თქმით, ადამიანთა სხვა უფლებების უგულებელყოფაც ხდება, ისეთების, როგორიცაა: ადეკვატური ანაზღაურება, შვებულება და ასე შემდეგ.

„ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესსექტორისთვის უფასო დახმარების ცენტრი შეიქმნება, სინამდვილეში მას არანაირი სავალდებულო რეკომენდაცია არ ექნება და კონკრეტულ საწარმოებში შემოწმება ინვესტორის ნებით განხორციელდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საწარმოს შემოწმება აუცილებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით ეს ეხება სამშენებლო და სამთო საწარმოებს, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი ყველაზე მეტია. ჩვენ ვსაუბრობთ არაადეკვატურ შრომით ანაზღაურებებზე. დამსაქმებლები ხშირად ადამიანების შრომით ექსპლუატაციას ეწევიან. სამკერვალო ფაბრიკებში 200 ლარამდე ხელფასი აქვთ, მუშაობა კი 9-10 საათის განმავლობაში უწევთ. შრომის ინსპექციამ ეს ყველაფერი უნდა გააკონტროლოს. ის შემოწმება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს, მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო პირობებს მოიცავს და არა, დავუშვათ, ადეკვატური ანაზღაურების და შვებულების შემოწმების საკითხს.

ინსპექცია უნდა უზრუნველყოფდეს კონტრაქტორი მხარეების მიერ ვალდებულებების შესრულებას“, -განაცხადა ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა.

მათი თქმით, დღეისათვის შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობა და შრომის ინსპექციის არარსებობა კიდევ არაერთი დასაქმებულის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. სტუდენტების თქმით, მთავრობის საპილოტე პროგრამის ფარგლებში შექმნილი ორგანო მხოლოდ იმ საწარმოების შრომითი უსაფრთხოების პირობებს შეისწავლის, რომლებიც თავად გამოთქვამენ სურვილს. “მწვანე მუშტის” , “სტუდენტური თვითორგანიზების ქსელის” , “ახალგაზრდა მწვანეების” და “ვეგან ბაზას” მიერ ორგანიზებული აქცია ჯანდაცვის სამინისტროს წინ ხვალ, 13;00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები