გიორგი ალიბეგაშვილმა პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა და მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავს შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
,,ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდად საამაყოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბანი პაატა ბურჭულაძე ჩვენი თანამემამულეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი, როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს საოპერო ხელოვნების განვითარებაში. პაატა ბურჭულაძის შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი მონაპოვარია. სწორედ მისმა ნიჭმა და პროფესიონალიზმა კიდევ უფრო გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ხელოვნებას’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მანვე ხაზი გაუსვა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობას და აღნიშნა, რომ მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის ,,იავნანას’’ ძალისხმევით საქართველოში ბევრმა დაუცველმა და უსახლკარო ბავშვმა ოჯახურ გარემოში მოახერხა დაბრუნება.
შეგახსენებთ, დღეს პაატა ბურჭულაძეს 60 წელი შეუსრულდა. ქართველ საოპერო მომღერალს მიღებული აქვს 137 საერთაშორისო და სხვა მნიშვნელოვანი პრემია. მინიჭებული აქვს საქართველოში იუნისეფის პირველი კეთილი ნების ელჩის წოდება. დღესვე პაატა ბურჭულაძეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.