სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დროს ჯაშუშად შერაცხული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე მის მიმართ წაყენებული უკანონო ბრალისა და 2,5- წლიანი პატიმრობის გამო სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. როგორ კიღურაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ის წინა ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვალერი ზუმბაძემ უკანონოდ შეთითხნილი ბრალდებით დააკავა. ბიზნესმენის განმარტებით, ბრალი რუსეთის დავალებით ჯაშუშობას გულისხმობდა.

„ ზუმბაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელსაც ეს სტრუქტურები ატარებდნენ. მე ჩემს კაბინეტში სწორედ მან დამაკავა. 2001-2004 წლების განმავლობაში ქვეყანა მძიმე პირობებში იყო, მე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა დავბეჭდეთ წიგნი, სადაც ჩვენი ქვეყნის განვითარების შესახებ ჩვენეულ ხედვებს ვწერდით, ეს წიგნი ჩემი დაპატიმრების საფუძველი გახდა. მე ამ წიგნს ვხელმძღვანელობდი და, როგორც მეწარმე, მცირე თანხით ვაფინანსებდი კიდეც მას. ამ წიგნის გამო მე ჯაშუშად შემრაცხეს. სისხლის სამართლის საქმეში დევს, რომ მე ხშირად დავდიოდი რუსეთში, იქიდან ჩამომქონდა თანხები და ამით ვაფინანსებდი ამ წიგნს. მოგვიანებით მაშინდელი მაღალჩინოსნის უტიაშვილის ხელმოწერით მოვიპოვე ცნობა, რაც ამტკიცებდა, რომ 2001-2004 წლებში საქართველოს საზღვარზე საერთოდ არ გადავსულვარ. თუმცა ეს ცნობა სასამართლომ საერთოდ არ მიიღო“, – განაცხადა ბაკურ კიღურაძემ.

ბაკურაძემ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წლის დეკემბერში პროკურატურას მიმართა და მისი საქმის ხელახლა გადასინჯვა მოითხოვა. მისივე თქმით, საქმეში იყო ახალი გარემოებები, რის გამოც პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, საქმე ბოლომდე მიიყვნა, თუმცა ამ დრომდე ბრალი მის საქმეზე არავის წაყენებია.

„ 2012 წლის დეკემბერში მე პროკურატურაში რამდენიმე განცხადება შევიტანე, ერთი მათგანით ვითხოვდი საქმეში აღმოჩენილი ახალი ვითარების გამო ამ საქმის გადახედვა მომხდარიყო. გარდა იმ წერილისა, რომელიც სასამართლომ მაშინ არ მიიღო, კიდევ 11 ახალი გარემოება იყო. ცალკე განცხადება შევიტანე კიდევ ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რაც ბრალის უკანონოდ წაყენებაში და უკანონო პატიმრობაში გამოიხატა. 2013 წლის ზაფხულში პროკურატურამ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ, მართლაც, დაირღვა კანონი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გაგრძელდა. ეს საქმე დღეისათვის გამოძიებით აბსოლუტურად დასრულებულია, თუმცა ბრალი ამ დრომდე არვის წაყენებია“, – აღნიშნა კიღურაძემ.

კიღურაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მისთვის ქონების დაბრუნების კუთხით უკვე დაიწყო. მისი თქმით, მას ქონების გარკვეული ნაწილი უკვე დაუბრუნდა, რისთვისაც მან ეკონომიკის სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები