„გუდვილი“ „თი-ბი-სი" ბანკს გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდა

    „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ „თი-ბი-სი” ბანკს ორი წლის განმავლობაში გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდა. ხაზარაძის თქმით, ამის შესახებ მას „გუდვილის“ მფლობელმა გოგი შევარდნაძემ 2013 წელს თავად უთხრა. როგორც „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, „გუდვილსა” და“ თი-ბი-სი” ბანკს შორის 10 – წლიანი ურთიერთობა არსებობდა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მან „თი-ბი-სის“ მენეჯმენტი დარწმუნა, რომ „გუდვილისთვის“ დაფინანსება არ შეეწყვიტათ. მისი თქმით, იგი აცნობიერებდა, რომ კომპანიის უკან უამრავი ადამიანი იდგა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის რეაბილიტაციის დასაწყებად. როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ აუცილებლად იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ “გუდვილს” “თი-ბი-სი” ბანკის მიმართ 50 – მილიონიანი, ხოლო მომწოდებლის მიმართ 30 მილიონის ლარის დავალიანება აქვს. „მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა გაყალბებული დოკუმენტაციების შესახებ, 2013 წლის ზაფხულში პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ უამრავი საქმის გამო, რაც პროკურატურაში არსებობს, ჯერჯერობით ჩვენი რიგი არ დადგა. ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება “გუდვილის” მხრიდან „თი-ბი-სი” ბანკისთვის თანხების გამოძალვას, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ კომპანიის მენეჯმენტმა ჩვენ ძველი კრედიტების ჩამოწერა შემოგვთავაზა. ეს ჩამოწერა არ მოხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები. „გუდვილი“ იმუშავებს, მაგრამ იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც წლების განმავლობაში თაღლითურად მუშაობდნენ“, – აღნიშნა ხაზარაძემ. მისივე განცხადებით, არანაირი კითხვა არ არსებობს, რომელზეც „თი-ბი-სის“ არ აქვს პასუხი და იგი მზად არის, ნებისმიერ კითხვას დოკუმენტურად უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები