ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი პოლიციელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
“კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს.
გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, 23 იანვარს დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 27 იანვარს მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები