ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.
ავღანურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში საქართველოს მონაწილეობა და უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს ჩართულობას “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას საქართველოს გამოცდილება რეფორმების კუთხით.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგონული უსაფრთოხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს.