ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ავარიული სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის N 1-ში მდებარე ავარიულ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება. ეზოს მცხოვრებლები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მოინახულა.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ცნობით, გამგებელი მოსახლეობას აღდგენითი სამუშაოების შესახებ ესაუბრა და მათგან სხვა პრობლემებიც მოისმინა. შენობა მიწისძვრისგანაა დაზიანებული და მისი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში, გამაგრდება შენობის ფუნდამენტი, როგორც საყრდენი, ისე ბინებში არსებული დაზიანებული კედლები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავარიული სახლის ფასადსაც.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტის ღირებულება 65 825 ლარია და გამგებლის გადაწყვეტილებით, თანხის 85% ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ზაზა გაბუნიას თქმით, გამგეობა თვალს მიადევნებს შემსრულებელი კომპანიის მიერ გაწეულ სამუშაოს, რათა შენობას რეაბილიტაცია დროულად და ხარისხიანად ჩაუტარდეს. მანჯგალაძის N1-ში მდებარე ავარიული სახლის სარემონტო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები