ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პატიმრობაში მყოფი 11 პირის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პატიმრობაში მყოფი 11 პირის ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება საფუძველს მოკლებულია, რის გამოც დაცვის მხარე ფირცხალავას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
„სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ეხება მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელშეშლის საქმეს, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდების საფრთხეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული გარემოებანი, არასწორად არის შეფასებული გარემოებანი, რაც ჩვენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოში წარვადგინეთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გასაჩივრება,” – განმარტავს ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია.
ალტერნატიულ წინადადებად ადვოკატი სასამართლოს გირაოს შესთავაზებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ საქმეში ბრალდებული სხვა პირების ადვოკატებსაც. მათი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი უსაფუძვლოა, რის გამოც დაცვის მხარე დაპატიმრებულთა გათავისუფლებას მოითხოვს.
ადვოკატებს სააპელაციო საჩივრის წარსადგენად ვადა დღეს, 16 საათზე ეწურებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები