ნიკა გვარამია ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრას ითხოვს
მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლებმა წარმოადგინეს, ევროდირექტივის მოთხოვნებს აცდენილია და ზიანს მხოლოდ ტელეკომპანიას მიაყენებს.
„ჩვენ ევროპული ევროდირექტივის მოთხოვნებს არ ვეწინააღმდეგებით. პირიქით, ვეთანხმებით ყველაფერს, რასაც ევროდირექტივა ითხოვს. ეს მოთხოვნები ზიანს არ გვაყენებს. ზიანს სწორედ ის ნორმები გვაყენებს, რომლებიც კანონმდებელმა ამ კანონში ევროდირექტივებისა და ევრო-ასოცირების ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ შეიტანა. სპონსორების შეზღუდვას რაც შეეხება, ამას ევროდირექტივა საერთოდ არ ითვალისწინებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.
ამასთან გვარამიას განცხადებითვე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რეკლამების ფასის 50%-ით გაზრდა, ბიუჯეტის შემცირება და თანამშრომლების დათხოვნა მოხდება, რაც ქვეყანაში უმუშევრობისკენ გადაგმული ნაბიჯი იქნება.
„შედეგად ჩვენ მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც რეკლამების ფასი 50%-ით უნდა გაიზარდოს, მაშინ როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5%-ია. ამას მოჰყვება ხელფასების გადახედვა, შემცირების კუთხით, როცა ლარის კურსი 1:2 არის დოლართან მიმართებით და ეს ტენდენცია კიდევ უფრო იზრდება. ამის შემდეგ, ბუნებრივია ბიუჯეტი დაახლოებით, 10%-ით უნდა შემცირდეს. რაც უპირობოდ გამოიწვევს თანამშრომლების დათხოვნას და სწორედ ეს არის უმუშევრობისკენ გადადგმული ნაბიჯი. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს მთავრობისთვის ხელსაყრელი იყოს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, ამ კანონპროექტის განხილვის გადადებას. ასევე, მოვითხოვთ, ამ ქვეყნის პასუხსიმგებლობით აღჭურვილ თანამდებობის პირებთან გასაუბრებას და ეს პირები უპირველესად, არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.