კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “რუსთავი 2-ს” და “იმედს” წერილობითი გაფრთხილება მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანიები “რუსთავი 2”, “იმედი” და რადიო „იმედი“ არასათანადო რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა, „ჯეოსელი“ და „კულა“ კი არასათანადო რეკლამის დამკვეთებად მიიჩნია.
ორივე ტელეკომპანიის ეთერში მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლი გავიდა, რომელშიც რამდენიმე წამყვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების და ჟურნალისტების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია. რაც შეეხება, რეკლამის დამკვეთს მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ კომისიამ ის არასათანადო რეკლამის დამკვეთათ მიიჩნია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილების არ ქონის გამო სანქცია ვერ დააკისრა.
ამავე სხდომაზე კომისიამ რადიო „იმედი“ იარაღის რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა. რადიო „იმედის“ ეთერში შპს „კულას“ დაკვეთით იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, შემდეგი შინაარსით: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება.
კომისიამ შპს „კულაც“ არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია, მაგრამ სანქცია ამ შემთხვევაშიც ვერ გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები