დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა. თბილისის მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდება. შეხვედრაზე მერიის ადმინისტრაციული მოწყობის, ურბანული განვითარების – ძველი და ახალი ქალაქის შერწყმის, სამრეწველო და ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 6 თებერვალს დავით ნარმანია ქალაქ მატოზინიუში ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ რესევორი გახსნის, დაგეგმილია მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შეფასება. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე იმსჯელებენ წინასამონიტორინგო ღონისძიებების შესახებ საქართველოში, უკრაინასა და პორტუგალიაში.
შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდება მოხსენებები თემაზე – ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროპაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისობა წევრ ქვეყნებთან მიმართებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე გაკეთდება მოხსენება თემაზე: “ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე“.
თბილისის მერი პორტუგალიაში ვიზიტს 7 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები