პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს ბიზნესის ხელშეწყობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა, გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ვინმე შექმნის ბარიერს, დაუყოვნებლივ უნდა დააყენონ მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს.
პრემიერის თქმით, მას ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ შეხვედრა მსხვილ ბიზნესმენებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
“მე დავინტერესდი, რა პრობლემები ექმნება ან რა შეფერხებები აქვს ბიზნესს. მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში, შემოსავლების კუთხით და ზოგადად. ბიზნესი რომ აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ერთხმად აღიარებს. ერთადერთი მინდა მოვუწოდო ყველა ფუნქციონერს, ყველა სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტს, გამგებელს, მერს თუ სხვა – მაქსიმალურად დავუჩქაროთ ყველა პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ დროულად და ეფექტიანობა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი მოწოდება და მთავარი ამოცანაა. “ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს სახელმწიფოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრებს მიმართა, მისი მოწოდება მიიღონ როგორც დავალება, რომელიც თითოეული თანამშრომლის დონეზე უნდა იქნას მიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები