თბილისის მერიაში მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა მათიას ვოლფაილმა. მემორანდუმი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით აქტივობების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ისე აღმზრდელების უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას. თბილისის მერის განცხადებით, ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კუთხით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. „სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მათთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საბავშვო ბაღებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შედეგები, რომელიც საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით წაგვადგება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მათიას ვოლფაილის განცხადებით, „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საბავშვო ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სხვადსხვა სახის პრევენციულ ღონისძიებებსაც. „მიუხედავად ბავშვების მცირე ასაკისა, ეს ითვალისწინებს ბავშვების მომზადებას სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისთვის, როგორიც არის მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ. რომ მათ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია. პროექტი მოიცავს პირველადი დახმარების ტრენინგებსაც“, -განაცხადა მათიას ვოლფაილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები