„ისეთი ადამიანის გარეთ ყოფნა, როგორიც ირაკლი ფირცხალავაა, დაუშვებელი იქნებოდა“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 12 ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მიესალმება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლიანს უწოდებს.
მისი თქმით, ისეთი ადამიანის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, დაუშვებელი იქნებოდა.
„ბოლო თვეების განმავლობაში პროკურატურამ იმუშავა ძალიან კარგად და დღეს ლოგიკურად დასრულდა ეს პროცესი, რასაც ჰქვია ამ ადამიანებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ეს გადაწყვეტილება, მე ვთვლი, რომ არის საფუძვლიანი, რადგან ისეთი ადამიანის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, იქნებოდა დაუშვებელი. მივესალმები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და  ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა  და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს და  ერთ პირს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები