სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომი იქნება

თბილისის იუსტიციის სახლში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სისაურმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ მოაწერეს. ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მომხმარებლისთვის ახალი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.
ხელმოწერილი დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ იუსტიციის სახლი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებით (მათ შორის სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და ა.შ.) დაინტერესებულ მოქალაქეებს მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება. პროექტი სატესტო რეჟიმში თავდაპირველად იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალში განხორციელდება.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეებს შესთავაზოს სწრაფი და ეფექტური მომსახურება ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ იუსტიციის სახლთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აქ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ისეთი სერვისები, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით პრივატიზება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით პრივატიზება ან იჯარით აღება, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს წილისა და აქციების აუქციონის წესით პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა და სხვა. პროექტის საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისი იუსტიციის სახლის მეშვეობით საქართველოს ყველა რეგიონში გახდება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სისაურმა.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ირაკლი ლომიძის განცხადებით, იუსტიციის სახლი მუდმივ რეჟიმში აფართოებს 400-მდე სერვისის ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც მათ უწყებაშია შესაძლებელი.
„სერვისის დანერგვამდე ჩვენ დეტალურად გამოვიკვლიეთ მომხმარებლის მოთხოვნა ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურებაზე, რის შედეგადაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სერვისების მიღება ამ ეტაპზე მარნეულის იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და მომსახურება სრულიად უფასოა“, – აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.
ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული მომსახურების საპილოტე რეჟიმი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები