ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები იქნებიან განთავსებული. მინისტრის მოადგილემ შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებზე მუშაობას აძლიერებს. დაცვის პოლიციის მიერ აღნიშნულ ტურისტულ ზონაში დაცულია 70-ზე მეტი ობიექტი (სასტუმროები, კომერციული ობიექტები, აგარაკები). დაცვის პოლიცია ასევე იცავს სათხილამურო ტრასის საბაგირო გზას. შესაძლო განგაშებზე დროული რეგირების მიზნით, ოპერატიული ჯგუფები ავტომობილების გარდა, სპეციალური თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალებებითაც (ბურანები) არიან უზრუნველყოფილნი.
შსს-ს დაცვის პოლიციის ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, ბაკურიანის შენობა მე-4 ახალი შენობაა, სადაც დაცვის პოლიციის დანაყოფები განლაგდნენ. პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დაცვის პოლიციის 9 თანამშრომელი სამინისტროს მედლებით დააჯილდოვა 10, 15 და 20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის. დაცვის პოლიციის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ მინისტრის მადლობის სიგელი დაცვის პოლიციის 3 ქალბატონ თანამშრომელს გადასცა. თორმეტივე დაჯილდოვებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები