მიხეილ ჯანელიძემ EFTA-სთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ბრიფინგი გამართა

გევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), რომელიც შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს იწყებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგი გამართა.
„EFTA-ს შეთანხმებები თითქმის ყველა იმ საკითხს მოიცავს, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ითვალისწინებს. EFTA-ს წევრი სახელმწიფოები აწარმოებენ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, თხილი და კაკალი, კენკროვანი ხილი, სანელებლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება კიდევ ერთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც 4 ქვეყანას და 12 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. თავისთავად ცხადია, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ეტაპობრივად ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიიღეს. 2015 წლის 4 თებერვალს თბილისში გაიმართება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომა, რომლის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობები, ვადები და მოლაპარაკების პირველი რაუნდის გამართვის თარიღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები