ფირცხალავას ორგანიზაციის წევრების შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გადაიდო

ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წევრების დაგეგმილი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გადაიდო – ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, საქართველოში დიპლომატიურ ელჩებთან შეხვედრა საქმის მასალების არქონის გამო გადაიდო.
„დღეს, ირაკლი ფირცხალავას საქმესთან დაკავშირებით 13.00 საათზე დაგეგმილი გვქონდა საქართველოში დიპლომატიურ ელჩებთან შეხვედრა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო, რადგან პროკურატურას ამ დრომდე საქმის მასალები არ გადმოუცია. როგორც კი საქმის მასალებს გადმოგვცემენ, აუცილებლად შევხვდებით და საქმის კურსში ჩავაყენებთ დიპლომატიურ კორპუსს, იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ფირცხალავას მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გამხორციელდა და იგი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად დააკავეს“, – აღნიშნეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები