თი-ბი-სი ბანკი კლიენტის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს
თი – ბი- სი ბანკი მისი კლიენტის პრეტენზიების დეტალურად განხილვისთვის მზად არის,- ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, თუკი კლიენტი ობიექტურ პრეტენზიებს აყენებს ბანკის მიმართ, თი- ბი- სი მზადაა, მისი წინადადება დააკმაყოფილოს. თუმცა, ბანკის განმარტებითვე, თუკი მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა, ბანკი ცხადია მათ დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.
„აქციის დაწყების პირველივე წუთიდან ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, დეტალურად განგვეხილა მსესხებლის პრობლემა და მზად ვართ, თუკი ის ობიექტურ პრეტენზიებს აყენებს ბანკის მიმართ, დავაკმაყოფილოთ მისი წინადადება. თუმცა, თუკი მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა, ბანკი ცხადია, მათ დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. თუმცა, სამწუხაროდ, ბანკის წინადადებაზე, დეტალურად განგვეხილა მისი საკითხი, მსესხებელი 2 საათის განმავლობაში უარს ამბობდა შეხვედრაზე და ამჯობინებდა ქუჩაში დგომას, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თი – ბი- სი ბანკის სათავო ოფისთან, ადვოკატთან და თანმხლებ პირებთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი კლიენტი პირამოკერილი მივიდა. როგორც ბანკის კლიენტმა ზაზა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, მას თი – ბი- სი ბანკისგან 430 000 დოლარის სესხი ჰქონდა აღებული, რომელიც მას ათი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა, თუმცა მისივე განცხადებით, ბანკმა მას ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადა 5 წლით თვითნებურად შეუმცირა.