თბილისის მერმა დიდუბის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებისა და გიული ჭოხონელიძის ქუჩასა და ჩიხში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ჭიაურელის ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა, დაიდგა წყლის მრიცხველები, მოეწყო საფუძველი და დაიგო ასფალტის ქვედა ფენა. მისივე განცხადებით, ქუჩის ერთ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ზედა ფენაც, მეორე ნაწილზე კი ახლა მიმდინარეობს დაგება, რის შემდეგაც ქუჩა ჩაბარდება მოსახლეობას.
მერიის ინფორმაციით, ჭიაურელის ქუჩის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დასრულდება. 3 330 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გერლი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 270 000 ლარია.
გიული ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება, სულ 5 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოებს კომპანია „ენკი“ აწარმოებს. რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტერიტორიის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. დარჩენილია ერთი ნაწილის საფუძვლის მოწყობის, ასფალტის ფენებისა და ბორდიურის მოწყობის სამუშაოები. გ. ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთებისთვის ერთად 618 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები