სახალხო დამცველი: ქვეყნის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 100-ზე მეტი მსჯავრდებული შიმშილობს
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 100-ზე მეტი მსჯავრდებული შიმშილობს. ომბუდსმენის თქმით, პატიმრების უმრავლესობა საკუთარი საქმეების გადახედვის მოთხოვნის გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
“მათი დიდი ნაწილი არის უვადო მსჯავრდებული. ისინი ამნისტიის მათზე გავრცელებას აქტიურად მოითხოვენ, რაც ითვალისწინებს სასჯელის 1/4 -ით შემცირებას, რაც წინა რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. მაგრამ სამწუხაროდ უვადო მსჯავრდებულებს კანონის ეს ნორმა არ შეეხოთ. მიმაჩნია, რომ ეს მოთხოვნა სამართლიანია და მათზეც უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული პრივილეგიები”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ პატიმრების მოთხოვნების დაკმაყოფილება სამინისტროს ფუნქციებს სცილდება.
“მოშიმშილეები მუდმივი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. პატიმრების მოთხოვნებს რაც შეეხება, სრულად ცდება ჩვენი სამინიტროს კომპეტენციის ფარგლებს. ასე რომ ჩვენ უძლურები ვართ, დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები”, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.