კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი გამოიცდება



31 იანვრის 24.00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
გამოცდის სამუშაოები ეტაპობრივად, 15 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ გზაგამტარებზე: კახეთის გზატკეცილიდან ვაზისუბნის დასახლებაში გადასასვლელთან არსებული ხიდი; ე.წ. ვარკეთილის ხიდი; ე.წ. ორხევის ხიდი; ე.წ. აეროპორტის ხიდები.
თითოეული გზაგამტარის გამოცდა ღამის საათებში, მონაცველობით მოხდება.
გამოცდის პროცესში მთელი ღამის განმავლობაში ნაგებობებზე განთავსებული სატვირთო მანქანები მოახდენენ მანევრირებას. კვლევითი სამუშაოების მიზანია, დადგინდეს ნაგებობების მდგომარეობა. ასევე, გაიცემა რეკომენდაციები, რა ტიპისა და ღირებულების სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს გამოცდილ და გამოკვლეულ ობიექტებს.
კვლევითი სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს, 2015 წლის მაისში დასრულდება.
პროექტი მეტეხის გვირაბისა და დედაქალაქის მასშტაბით 20 ხიდის გამოცდა-გამოკვლევას ითვალისწინებს. დღეისათვის უკვე შემოწმდა გვირაბი და 6 ხიდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები