შსს-ს წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლითი პროგრამა „ტაიექსის“ (TAIEX) და მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტ „საიეკას“ (CIECA) ექსპერტებმა სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოში მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ და ევროპელ ექსპერტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.
მათ ასევე ისაუბრეს მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე, რომელიც მომავალში დაინერგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ემსახურებიან.
მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემის უზრუნველსაყოფად ისინი მუდმივად გადიან სხვადასხვა ხასიათის პროფესიულ გადამზადებას.