სასამართლომ 26 მაისის საქმე დასრულებულად გამოაცხადა

  თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„2014 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ. ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ივანე მერაბიშვილმა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გასცა უკანონო ბრძანება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის შემდეგ, მომიტინგეთა მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ; ასევე, ძალის გამოყენების გაფრთხილების შემდეგ, მომიტინგეთათვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის თაობაზე. მიუხედავად ობიექტური საჭიროების არარსებობისა, ივანე მერაბიშვილის მითითებით, მიტინგის მონაწილეთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სპეციალური საშუალებები: წყალსატყორცნი, ცრემსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ამასთან, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების ჩაკეტვის გამო, მომიტინგეებს შეგნებულად არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების საშუალება. საქმის არსებითი განხილვისას ივანე მერაბიშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ აქციის დაშლა განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებული მეთოდით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 22 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 74 და დაცვის 9 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; ივანე მერაბიშვილს სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით 4 (ოთხი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე 1 (ერთი) წლის 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი ივანე მერაბიშვილის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები