ღორის შემდეგ ფოთის დრამატულ თეატრს კამეჩი “ესტუმრა“

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ბალახობს მსხვილფეხა პირუტყვი თეატრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“კვირა“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რა ღონისძიებებს ატარებს ფოთის მერია იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში ცხოველებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მიეცეთ.
გაირკვა, რომ ფოთის მერიაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აიპი შეიქმნა.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას ფოთის საკრებულის თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ განაცხადა, იგი ცოტა ხნის წინ საკითხზე ფოთის მერს ესაუბრა.
თოფურიას თქმით, მან ირაკლი კაკულიასგან მიიღო დაპირება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე “მოხეტიალე ცხოველების“ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვისთვის გადამჭრელ ზომებზე მუშაობას მერია დაჩქარებული წესით დაიწყებს.
მისი თქმით, მომავალ კვირაში მეტი დეტალი გახდება ცნობილი, თუ რა გზით აპირებს ფოთის მთავრობა საკითხის გადაწყვეტას. “კვირა“ ფოთის მერიასაც დაუკავშირდა. მათი თქმით, შეიქმნა აიპი, რომელიც „მოხეტიალე ცხოველები“-ს იზოლირებას და შემდგომ პროცედურებს უზრუნველყოფს.
ფოთის დრამატული თეატრი ფეისბუქის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში გასულ კვირასაც მოექცა, მიზეზი ამჯერადაც თეატრის შენობის ტერიტორიაზე შინაური ცხოველის – ღორის გამოჩენა იყო. ფოტოზე ასახულია, თუ როგორ გადაადგილდება თეატრის მეორე სართულზე (გარე ფასადის ტერიტორიაზე) ღორი. ფაქტს ფეისბუქის მომხმარებლების მრავალი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები