საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი თავმჯდომარეობდა. სხდომას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გაწერილ, გამწვანების ღონისძიებების პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია, დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხე-მცენარეების წყალმზიდით მორწყვის მომსახურება, გაწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა, თბილისის გამწვანებულ ტერიტორიებზე სარწყავი სისტემის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები, ასევე სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილების შესყიდვა და ახალდარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობის მომსახურება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ზემოაღნიშნულ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და აღნიშნულ საკითხებს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ.