გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი იყო.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატოში გაწევრება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. მხარეებმა ყურადღება ნატოს უელსის სამიტსა და იმ არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. აღინიშნა ისიც, რომ ქართული მხარე, ისევე როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოები, მოწოდებულია დროულად და ეფექტურად განახორციელოს პაკეტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ ვერშბოუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი პირადი ჩართულობისა და წვლილისათვის; ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ნატოს ქმედითი ჩაბმულობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები