ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს
ემზარ კვიციანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს.
როგორც ჟურნალისტებს კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განუცხადა, მისი ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორი მუხლით – 73-ე და მე-100 მუხლებით უჩივლებს.
“უმაღლეს მთავარსარდალს არ ჰქონდა ჯარების გადაადგილების უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე. მაშინ 2006 წელს სააკაშვილმა დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანისა და ხეობის მოსახლეობაზე ძალის გამოყენების შესახებ”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, 2006 წელს მოხდა ნიადაგის შემზადება, რათა ქართულ მხარეს სამომავლოდ შეძლებოდა კოდორის ხეობის რუსული მხარისათვის გადაცემა. ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მან იცოდა, რომ კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანით, კოდორის ხეობა დაიკარგებოდა.
“ხეობაში ჯარის შემოყვანა არ შეიძლებოდა. მე ვიცოდი, რომ ჯარს შემოიყვანდნენ, მერე ჯარი მიატოვებდა იქაურობას და ჩააბარებდნენ ხეობას რუსეთს”, – განაცხადა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა.
მისივე თქმით, 2008 წელი იყო ქვეყნის ღალატის კოლექტიური ქმედება, რაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი გაათავისუფლა.