საზმაუს ბორდი პარლამენტის წინააღმდეგ – საქმის არსებითი განხილვა დასრულდა
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის წევრების სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს მათი უფლებამოსილების შეწყვეტას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება. საქმის არსებითი განხილვის პროცესი 8 საათს გაგრძელდა. პროცესს კანონპროექტის ავტორები: ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუშიც ესწრებოდნენ. მოპასუხე მხარე და ასევე კანონპროექტის ავტორები ბორდის მოქმედი წევრების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. როდის მიიღებს აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ მხარეებს წინასწარ აცნობებს.