ვასილ გაბუნიას მოხსენება „კავკასიის მეზოზოური რეპტილიები“ გაიმართება

27 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით, დოქტორანტი ვასილ გაბუნია ისაუბრებს თემაზე: „კავკასიის მეზოზოური რეპტილიები“.
„მეზოზოურ ერას, რომელიც დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ დაიწყო და 65 მილიონი წლის წინ სახეობების ამოწყვეტით დასრულდა, ხშირად გიგანტური რეპტილიების ერადაც მოიხსენიებენ.
მეზოზოურ ერაში, ანუ 186 მილიონი წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა ჩვენი პლანეტის კონტინენტები და ოკეანეები; გაჩნდა მცენარეთა და ცხოველთა დღეისათვის ცნობილი თითქმის ყველა მსხვილი სისტემატური ტაქსონი. ამ დროს კავკასიის დღევანდელი ტერიტორია გეოლოგიური ცვლილებების აქტიური არენა იყო – იგი ხან ოკეანის ფსკერზე იძირებოდა და ზღვიური დანალექი ქანების მძლავრ აკუმულაციას განიცდიდა, ხანაც მეჩხერი ზღვა იყო მრავალრიცხოვანი კუნძულით. ამ კოლოსალური დროისა და გეოლოგიური თუ კლიმატური ცვლილებების გამო რეგიონი სხვადასხვა სახეობის საარსებო გარემოდ იქცა, რომელთაგან ყველაზე ნათელ კვალს დიდი ზომის რეპტილიები ტოვებენ.
კავკასიის ლაგუნურ პერიოდს მიეკუთვნება შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ უაღრესად საინტერესო პალეონტოლოგიური არტეფაქტები, რომელთა შესწავლის შედეგებს ეძღვნება მონოგრაფია „კავკასიის მეზოზოური რეპტილიები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები