რატომ დადიან ფოთის თეატრში ღორები? – „მსახიობებს ვერ დავავალდებულებ, თეატრის პერიმეტრი დაიცვან“
რატომ დადიან ფოთის თეატრში ღორები? – „კვირა“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოთის დრამატული თეატრის ფოტო, შემდეგ კი ვიდეო გაავრცელა. ფოტოზე ასახულია, თუ როგორ გადაადგილდება თეატრის მეორე სართულზე (გარე ფასადის ტერიტორიაზე) ღორი. ფაქტს ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. „კულტურული“ ღორის ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა შემდეგი კომენტარით: “ჩემ მიერ წლების განმავლობაში რუდუნებით აშენებული ფოთის თეატრი, გუშინ”.
ფოთის დრამატული თეატრში არ იციან, როგორ აღმოჩნდა შინაური ცხოველი თეატრის ტერიტორიაზე.
“კვირასთან“ საუბრისას ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია აცხადებს, რომ ფოტო მას თავდაპირველად ფოტოშოპის შედეგი ეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ვიდეომასალაც გაავრცელა, დარწმუნდა, რომ მსგავს შემთხვევას რეალურად ჰქონდა ადგილი.
თეატრის დირექტორი ფაქტს უსიამოვნოს უწოდებს. თენგიზ ხუხია ფოტოს ავტორს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოქალაქემ იმის ნაცვლად, რომ ღორი თეატრის ტერიტრიიდან გაედევნა, ფოტოები გადაიღო და გაავრცელა.
„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდა პირუტყვი თეატრის შენობის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, როცა ფოტო ვნახე, ის ფოტოშოპის შედეგი მეგონა, თუმცა ვიდეოს გავრცელების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ფაქტი რეალურად მოხდა. მოქალაქეს, რომელმაც აღნიშნული მასალა გაავრცელა, არც კი უფიქრია, რომ შინაური პირუტყვი გაედევნა ტერიტორიიდან ან შესაბამისი სამსახურისთვის მიემართა, უბრალოდ ფოტოები გადაიღო, რასაც შემდეგ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს მოქალაქე ალბათ ფიქრობს, რომ “საგმირო“ საქმე გააკეთა. კარგი იქნება, საზოგადოება ჩვენი თეატრის საქმინობითაც რომ ასე აქტიურად ინტერესდებოდეს.
საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ჩამოვიყვანეთ ავსტრიელი რეჟისორი, უნდა დავდგათ “დედილო კურაჟი და მისი შვილები“, ასე რომ ჩვენს მსახიობებს ნამდვილად არ აქვთ დრო თეატრის პერიმეტრი დაიცვან შინაური ცხოველებისგან“, – განუცხადა “კვირას“ თენგიზ ხუხიამ.
„კვირა“ დაინტერესდა, როგორ ხდება ფოთში ე.წ. მოხეტიალე ცხოველების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ან პრევენცია. როგორც „კვირას“ ფოთის გამგებელმა ალექსანდრე თოფურიამ განუცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი.
„ტენდერში გამარჯვებულ სამსახურს დაევალება შესაბამისი ღონიძიებების გატარება, ეს იქნება “მოხეტიალე ცხოველების“ იზოლირება თუ სხვა. ამის შემდეგ კი პირუტყვის მეპატრონე დაჯარიმდება“, – განუცხადა „კვირას“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ტენდერის დასრულებამდე კი არ არის გამორიცხული, რომ ფოთის თეატრს ღორები კიდევ „ესტუმრნონ“.