46 წლის მამაკაცი 35 შეკვრა ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული ვეფხვია მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებულია 2,387 გრ ნარკოტიკი, რომელიც 1,45607 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ვეფხვია მ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.