პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარდგება
2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს სახელით პროექტი „მცოცავი საზღვარი“ წარდგება. პროექტის კურატორია – ნია მგალობლიშვილი, არტისტები – რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია.პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად – დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით.
ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, – ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსის პირობები ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 დეკემბერს განათავსა. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარი იყო.