კადიროვი: მზად ვართ, პუტინის ნებისმიერი ბრძანება შევასრულოთ
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. კადიროვის განცხადებით, „დასავლეთისა და ამერიკის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის დანგრევისკენაა მიმართული, ორიენტირებულია შიდა ქაოსის გამოწვევაზე. კადიროვის მტკიცებით, დასავლეთს და ამერიკას არაფერი გამოუვათ.
„რუსეთს საღი, ბრძენი, საკუთარ ხალხში დარწმუნებული ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც არასდროს და არანაირ გარემოებებში ჩვენი მამულის დასავლეთის წინაშე დაჩოქვის უფლებას არ მისცემს. ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რუსეთის ხალხი ერთიანია, ხალხი აღორძინდება სულიერად და მორალურად! ეს არის რუსეთის მთავარი ძალა, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი პრეზიდენტი! მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ წუთს ჩვენი სამშობლოს – რუსეთის დასაცავად დავდგეთ, მზად ვართ უზენაესი მთავრსარდლის ნებისმიერი ბრძანება შევასრულოთ! ეს მკვეთრად უნდა გაითავისონ მათ, ვინც კბილებს ილესავს და რუსეთის მხარეს იყურება!“, – დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები. მისი თქმით, უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას, უკრაინულ დემოკრატიას მხარს ვუჭერთ და ნატოში ჩვენს მეკავშირეებს ვამხნევებთ“, – განაცხადა ობამამ.
„ამერიკა დღეს ძლიერია და თავის მეკავშირეებთან ერთად ერთიანია, რუსეთი კი იზოლირებულია, მისი ეკონომიკისგან კი არაფერი არ დარჩა“, – აღნიშნა ობამამ.
ბარაკ ობამას ამ განცხადებაზე საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლირების მცდელობები შედეგს არ მოიტანს.
„გაჟღერდა მოწოდებები, რომ რუსეთის იზოლირება აუცილებელია, კერძოდ, ეს განცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა“, – განუცხადა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ჟურნალისტებს.
„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასდროს არ წავა თვითიზოლაციის გზით“, – განაცხადა ლავროვმა.