ლავროვმა ამერიკა ევროკავშირზე და იაპონიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ იმაში დაადანაშაულა, რომ მათ მსოფლიოში დომინირება სურთ და ევროკავშირსა და იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აიძულებენ.
„ამერიკელებმა კონფრონტაციისკენ აიღეს კურსი, საკუთარ ნაბიჯებს აბსოლუტურად არაკრიტიკულად აფასებენ. ობამას მიმართვა გვიჩვენებს, რომ ფილოსოფიის ცენტრში მხოლოდ ერთი რამ დგას: ჩვენ – ნომერ პირველები ვართ და სხვა დანარჩენებმა ეს უნდა აღიარონ. ეს ცოტათი არათანამედროვეა, თუმცა დღევანდელ რეალიებს პასუხობს“, – განაცხადა ლავროვმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას კონგრესისთვის მომზადებული ყოველწლიური მიმართვის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას განცხადებით, „გასულ წელს ჩვენს მეკავშირეებთან ერთად სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მძიმე სამუშაო ჩავატარეთ. და მაშინ ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ბატონი პუტინის აგრესია სტრატეგიული აზროვნებისა და ძალის დემონსტრირებაა. მაშ ასე: დღეს ამერიკა ძლიერია და მეკავშირეებით ერთიანია, რუსეთი კი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა დაქუცმაცებულია“.
ლავროვის განცხადებით, ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, „ამერიკელების მაგალითს მიმართა“. ამასთან, მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის დაახლოებით ნახევარი სანქციების გაუქმების მოთხოვნით გამოდის. იაპონიასთან ურთიერთობებზე საუბრისას, ლავროვმა აღნიშნა, რომ მას „ანტირუსულ ხაზზე დადგომა აიძულეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები