ირაკლი ფირცხალავა: იუსტიციის მინისტრმა ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

“იური ვაგაზაშვილის მკვლელობამ შემძრა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას „კვირასთან“ საუბრისას „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა.

როგორც „კვირას“ ირაკლი ფირცხალავამ განუცხადა, იური ვაგაზაშვილის შვილის საფლავზე აფეთქება – ეს არის კრიმინალის მწვერვალი.

„შემძრა იური ვაგაზაშვილის მკვლელობის ფაქტმა. მთელი ჩემი ცხოვრება კრიმინალს ვებრძოდი და ის, რაც გუშინ კასპის რაიონში მოხდა, კრიმინალის მწვერვალია. შემძრა მომხდარმა ფაქტმა. ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი ცდილობდა თავის საქმეზე სიმართლე დაემტკიცებინა, შვილის საფლავზე მოკლეს. რა თქმა უნდა, მეც განვიცადე, როგორც ადამიანმა. ეს არის ამ ოჯახის უდიდესი ტრაგედია“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

ყოფილი მაღალჩინოსანი იური ვაგაზაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მიაჩნია, რომ მის მიმართ იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს.

„ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. გუშინ პოლიტიკოსები გამოვიდნენ, იუსტიციის მინისტრი გამოვიდა და ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ეს შემთხვევით არ ხდება, იუსტიციის მინისტრი აქეთ უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებს. უხეშად დაარღვიეს ჩვენი უფლებები. ამით უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა. თუ ამ ხალხს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია, რის საფუძველზეც აკეთებენ ასეთ განცხადებებს, მივიდნენ და გამოძიებას ჩვენება მისცენ. იუსტიციის მინისტრი გამოვიდა და არ გამორიცხა, რომ იური ვაგაზაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაული პირდაპირ კავშირშია 2006 წლის სპეცოპერაციასთან. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობენ, გამოძიებას დაეხმარონ და სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდონ“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.

აღსანიშნავია, რომ იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა ვაზაგაშვილმა მეუღლის მკვლელობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსი ირაკლი ფირცხალავა დაადანაშაულა.

„ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს – ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა”, – განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იური ვაგაზაშვილის აფეთქების ფაქტს იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტარების შეფასებები მოჰყვა.

„საფუძვლიანია ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც დანაშაული მისი შვილის მიმართ ჰქონდათ ჩადენილი“, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ზურა ვაგაზაშვილის საქმე ფალსიფიცირებული და გაყალბებული იყო.

„ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე იყო გაყალბებული, ფალსიფიცირებული გამოძიება. ეს არის ის ხელწერა, რომლითაც აქამდე დაგვამახსოვრეს თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსოლუტურად უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ გამოწვევად უნდა მივიღოთ ეს საქმე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

იური ვაგაზაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა იუსტიცის მინისტრიც.

“გამიჭირდება რაღაცების მტკიცება, მაგრამ დღევანდელი ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ბატონი იური ჩემთვის უცნობი ადამიანი არ იყო. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ოპოზიციაში იყო, ვიცით, რომ რიტუალივით იყო უსამართლობასთან ბრძოლის პროცესში, ბატონ იურისთან ერთად, ე.წ. ყოფილ კორტებთან მისვლა. ბრძოლა ერთად გავიარეთ. ჩემთვის შავი დღე გათენდა. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ერთადერთი, რაც მოვასწარი და მის ტკივილს პატივი მივაგე, იყო ის, რომ მემორიალი დაიდგა სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ხალხის პატივსაცემად. ეს მემორიალი დგას და, სანამ მე ვარ მინისტრად, იდგება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები