მთავარი პროკურორი – ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავი სისტემა მობილიზებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და პროკურორის პირველ მოადგილე ირაკლი შოთაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესი გახსნის, ისევე, როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები