„დემოკრატიული მოძრაობა“: იურის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ შეძრწუნებულია. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, თუ იური ვაზაგაშვილის საქმე უმოკლეს ვადაში არ იქნა გამოძიებული, ქვეყანაში უმძიმესი შედეგები იქნება.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა და ამის მიზეზია ათასობით გამოუძიებელი საქმე, მათ შორის ისეთი გახმაურებული საქმე, როგორიც ე.წ კორტების საქმეა, რომელიც დღემდე სრულად გამოუძიებელია და დამნაშავეები არ არიან დასჯილნი. უფრო მეტიც, ბატონი იურის ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის პირდაპირ ასახელებდა მისი შვილის მკვლელების გვარებს, რომლებიც დღემდე თავისუფლებაზე არიან, ნაწილი მათგანი კი განაგრძობს მუშაობას, არ აჩენს ეჭვს, რომ ბატონ იურის აფეთქება იყო წინასწარ დაგეგმილი.
მომხდარი საზარელი დანაშაული, რომელიც დაიგეგმა და შესრულდა ყველაზე ცინიკური და მზაკვრული ფორმით – შვილის საფლავზე დაგეგმილი მამის მკვლელობა სცდება კრიმინალური შემთხვევის კვალიფიკაციას, თუნდაც მკვლელობის კვალიფიკაციას და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს. ქვეყანა დადგა მეტად შემაშფოთებელი რეალობის წინაშე, მას, ვინც ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მოითხოვს დამნაშავეების დასჯას, თავისუფლად დაუგეგმავენ ტერაქტს.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ იური ვაზაგაშვილის საქმე არ იქნა უმოკლეს ვადაში გამოძიებული, ქვეყანაში შედეგები უმძიმესი იქნება. თუ ხელისუფლება რეალურად დაინტერესებულია ჭეშმარიტების დადგენით, მან უსწრაფესად უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და კანონის უმკაცრესი ფორმით დასაჯოს დამნაშავეები, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ბატონი იურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები