პროკურატურა მარიამ კოჩალიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს პროკურატურა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ირანულ მხარესთან ამოწმებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, რათა მოჰამედ ამინ როოინტანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
“როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ირანის მოქალაქე მოჰამედ ამინ როოინტანი ცნობილი იქნა დამნაშავედ მარიამ კოჩალიძის განზრახ-დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობასთან დაკავშირებით და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული იქნა ყველა ღონისძიება იმისათვის, რათა ხსენებული პირის მიმართ გამოცხადებულიყო ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ხსენებული პირი დაკავებულ იქნა ირანის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარემ უკვე მიმართა ირანის კომპეტენტურ ორგანოებს ინფორმაციის დადასტურების ან უარყოფის მიზნით, იმ შეთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, რათა მოჰამედ ამინ როოინტანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი ირანელმა სამართალდამცველებმა 12 იანვარს აიყვანეს. ის ორმაგ მკვლელობაშია ბრალდებული. ირკვევა, რომ მარიამ კოჩალიძის გარდა, მას 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობა ბრალდება.
16 წლის გოგონა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2013 წლის ივლისში მოკლული იპოვეს. მაშინ მკვლელმა საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება მოასწრო. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა საქართველოში დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები