უკრაინის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას გეგმავს
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, იგეგმება ქვეყნის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა. სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 184 000 ადამიანიდან 250 000 სამხედრომდე გაიზრდება. „უკრაინის მთავრობას პარლამენტში უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობის გაზრდის შესახებ შეაქვს კანონპროექტი. ჩვენი შეთავაზებით, შეიარაღებული ძალების რაოდენობა 250 000-ით განისაზღვრება, ეს 66 000 ადამიანით მეტია“, – განაცხადა იაცენიუკმა. პრემიერის განცხადებით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უზენაეს რადას კანონპროექტის განხილვას პირველივე პლენარულ სხდომაზე სთხოვს.