ნიკოლოზ მჟავანაძე: ტერორისტებმა ნაღმი იური ვაზაგაშვილთან ერთად ხელისუფლებასაც დაუდეს

ტერორისტებმა ნაღმი იური ვაზაგაშვილთან ერთად ხელისუფლებასაც დაუდეს, – განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
,,ტერორისტებმა კარგად იცოდნენ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ყოველივეს. პირველი, რომ მოიცილებდნენ მათთვის არასასურველ პიროვნებას და მეორე, უკმაყოფილო საზოგადოება ამ მკვლელობის გამო ერთიანად დაირაზმებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. მიზანი სრულად შესრულებულია. მსგავსი ტიპის ტერაქტი საქართველოში არ მომხდარა.
ხელისუფლებას მართებს უმოკლეს დროში აღნიშნული საქმის გახსნა, ვინაიდან, მკვლელობათა უმრავლესობა სწორედ ცხელ კვალზე იხსნება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ეს საქმე გაიხსნას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე აპირებდა ჩვენების შეცვლას და საჯაროს თავისი პოზიციის დაფიქსირებას. გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ პიროვნების მოსაძებნად, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ეს ადამიანიც, იური ვაზაგაშვილის მსგავსად, მკვლელებმა მოიშორონ. ამოღებულ უნდა იქნას იური ვაზაგაშვილის ბოლო პერიოდში განხორციელებული სატელეფონო ზარები, რათა გამოძიება მივიდეს იმ პირზე, ვისი გამოჩენას ასე არ აწყობდათ ტერორისტებს.
აღნიშნული საქმის გახსნის აუცილებლობა განპირობებულია იმითაც, რომ ხვალ სხვებიც არ აფეთქდნენ ნაღმებზე, რადგან დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელმაც ასეთი ვანდალური ტერაქტის მოწობა გაბედა, თუკი სათანადოდ არ დაისჯება, ხვალ უარესს გააკეთებს’’,-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები