უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ცხედარს ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ

აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის თამაზ სუხიაშვილის ცხედარს საქართველოში გადმოსვენების შემდეგ ქაშვეთის ტაძარში დაასვენებენ.
უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის“ თხოვნას საქართველოს საპატრიარქომ თანხმობა მისცა.
“საპატრიარქოს მხრიდან არსებობს თანხმობა, რომ თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში იქნას დასვენებული“, – განუცხადეს “კვირას“ საპატრიარქოში.
დონეცკში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ქართველი მეომრის თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთში დასვენების ნებართვის თხოვნით საპატრიარქოს უკრაინაში მებრძოლმა “ქართულმა ლეგიონმა” მიმართა. “საპატრიარქოს ვთხოვეთ ნებართვა, თამაზ სუხიაშვილი ჩამოსვენებისთანავე ქაშვეთის ტაძარში დავასვენოთ, როგორც სამშობლოსთვის დაღუპულ ვაჟკაცს შეეფერება. მე მჯერა, პატრიარქი კურთხევას მოგვცემს”, – აღნიშნული პოსტი“ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 19 იანვარს გამოაქვეყნა.
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. როგორც “კვირას“ დაღუპული ქართველი მებრძოლის ძმამ გიორგი სუხიაშვილმა განუცხადა, თვითმფრინავი საქართველოში დაახლოებით 00:00 საათისთვის დაჯდება. მანამდე კიევის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და დაღუპული ქართველის ხსოვნას პატივს მიაგებენ. კიევში გაემგზავრებიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც. შეგახსენებთ, რომ 37 წლის თამაზ სუხიაშვილი, ოთხი დღის წინ, დონეცკთან ახლოს პრორუსულ ძალებთან შეტაკების დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაიჭრა სამი ქართველიც, თუმცა მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. ქართველ ჯარისკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სუხიაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები